მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში განხორციელებული საერთაშორისო ზარები აქციზით დაიბეგრება. შესაბამისი ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში, მობილურ ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულების, მომსახურება დაიბეგრება აქციზით, ნაცვლად მიღებული კომპენსაციის თანხის 10%-ისა. 1 წუთზე აქციზის ღირებულება 15 თეთრი იქნება. მას კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ის ძალაში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
აქციზით ასევე დაიბეგრება საქართველოში ფიქსირებულ ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება, ერთ წუთზე 8 თეთრის ოდენობით.ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზის განაკვეთის შემცირებას 10%-იდან 8%-მდე.
კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება.
კანონოპროექტი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოამზადა. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უმეტეს ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია დიდი მოცულობის
საქართველოდან გამავალი ტრაფიკი, ზარის ტერმინაციის საფასური მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში შემომავალი ზარის ტერმინაციის ტარიფს, ამასთან, ჩვენი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კომპანიებს უცხოელ პარტნიორებთან მუდმივად წარმოეშვებათ უარყოფითი ბალანსი და საქართველოდან მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო თანხების გადინება ხდება, რის გამოც გადაწყდა საკანონმდებლო ცვლილებები.