სსფ-ს მისიის პროგნოზით, 2015 წელს, 2014 წლის მსგავსად საქართველოს მშპ-ს ზრდა 5 %-ს მიაღწევს. როგორც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უფროსი მარკ გრიფიტსი აღნიშნავს, ამ პროგნოზს ახლავს რისკები, რომელთა შესაძლო მატერიალიზება პროგნოზის დაღმავალ კორექტირებას გამოიწვევს.
"რეგიონული დაძაბულობის ესკალაციამ ან ევრო ზონის ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპით უკმაყოფილებამ შეიძლება შეასუსტოს ინვესტიციების შემოდინება და ვაჭრობა. თუმცა, არსებობს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენის მქონე პოტენციური ფაქტორებიც: ნავთობზე ფასების ბოლოდროინდელი კლება თუ შენარჩუნდა, მივიღებთ ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს და მიმდინარე ანგარიშის ნაკლებ დეფიციტს.
ინფლაცია კვლავ ჩამორჩება საქართველოს ეროვნული ბანკის 6 პროცენტიან სამიზნე ორიენტირს. მიუხედავად სურსათზე ფასის ზრდისა, მიმდინარე წელს ლარის გამყარება და საერთაშორისო სასაქონლო ფასების კლება, სავარაუდოდ, ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას გამოიწვევს. ამდენად, მისიას მიაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკა ადექვატურია. ინფლაცია 2014 წლის ბოლოსთვის სავადაუდოდ 4 პროცენტზე ნაკლები იქნება, ხოლო 2015 წლის
ბოლოსთვის 5 პროცენტს მიუახლოვდება",- აცხადებს როგორც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უფროსი მარკ გრიფიტსი.
მისიის პროგნოზით მიმდინარე წლის საბიუჯეტო დეფიციტი ნაკლები იქნება პროგრამით გათვალისწინებულ, მშპ-ს 3.7 პროცენტიან გეგმასთან შედარებით. ფაქტიური საგადასახადო შემოსავლები გადააჭარბებს სსფ-ს პროგრამის საპროგნოზო მაჩვენებლებს. მთლიანობაში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეესაბამება პროგნოზს, თუმცა ხარჯების სტრუქტურაში შეინიშნება აქცენტების გადანაცვლება კაპიტალურიდან მიმდინარესკენ, რაც პროექტების შეფასებისა და შესყიდვების პროცედურების გაძლიერების საჭიროებაზე მეტყველებს.
"2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში მითითებული მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტიანი დეფიციტი ადასტურებს საქართველოს მიერ პროგრამის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას. სსფ-ს პროგრამა მიზნად ისახავს 2017 წლისთვის დეფიციტის მაჩვენებლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2½ პროცენტამდე შემცირებას რათა გაგრძელდეს სახელმწიფო ვალის კლება მშპ-სთან შედარებით და წახალისდეს ქვეყნის საგარეო პოზიციის კორექტირება.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და საგარეო ვალი კვლავ ძირითად სისუსტედ მიიჩნევა. მიმდინარე წელს ზრდის შემდგომ, 2015 წლიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა უნდა კლება დაიწყოს, რასაც ხელს შეუწყობს ფისკალური კონსოლიდაცია, გაცვლითი კურსის გაზრდილი მოქნილობა, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმები და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი შესაძლებლობები. ხელისუფლება კვლავ უზრუნველყოფს ლარის თავისუფალ მცურავ რეჟიმს საბზრო ეკონომიკის პირობების შესაბამისად, რათა შენარჩუნდეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდეს მის ეკონომიკაში გარე შოკებისადმი მედეგობა.
მისიას სურს მადლობა გადაუხადოს ქვეყნის მთავრობის, საქართველოს ეროვნულ ბანკის, განვითარების პარტნიორებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ვიზიტის განმავლობაში შეხვედრებისას ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის."- აცხადებენ სსფ-ში.