საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებულია, აცხადებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უფროსი მარკ გრიფიტსი.
გრიფიტსის განმარტებით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს, რადგან ეკონომიკური აქტივობა გამოცოცხლდა 2013 წლის შენელების შემდეგ.
"ეკონომიკის მამოძრავებელი იყო მოხმარების, კერძო ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდა. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ეკონომიკური გავლენა აქამდე შეზღუდული იყო, რადგან საქართველოს მზარდი (თუმცა კვლავ შეზღუდული) სავაჭრო კავშირები გააჩნია რუსეთთან. ამავდროულად გაიზარდა ფიზიკური პირების ფულადი ტრანსფერები სამხრეთ ევროპიდან. სსფ-ს პროგრამით სექტემბრის ბოლოსთვის განსაზღვრული რაოდენობრივი მაჩვენებლები შესრულებულია. დაყოვნდა მხოლოდ "ფინანსურ რესურსებზე წვდომის" კვლევის ჩატარება (მოსალოდნელი იყო სექტემბრის ბოლოსთვის), რათა მასში გათვალისწინებული იქნეს მსოფლიო ბანკისა და გერმანიის განვითარების ბანკის მოსაზრებები. კომპლექსური კვლევა დასრულდება 2015 წელს"- აცხადებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უფროსი მარკ გრიფიტსი.
შეგახსენებთ, რომ 15-28 ოქტომბერს თბილისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა. მათი ვიზიტი მიზნად ისახავდა "სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის" პირველი მიმოხილვის ფარგლებში დისკუსიების გამართვას. თავად პროგრამა 2014 წლის 30 ივნისს დამტკიცდა, ის 36 თვე გაგრძელდება და 100 მილიონი სპეციალური სესხების უფლების (დაახლოებით 154 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას ითვალისწინებს.