ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმმა მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ შემუშავებულ და თავსმოხვეულ ე.წ. „თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან აფხაზეთთან. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია განმარტებული ბალტიის ასამბლეა კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. ბალტიის ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ქმედებებს მოჰყვება გარდაუვალი შედეგები უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში და ხელს არ შეუწყობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.
ბალტიის ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს მიმართ პროვოკაციული ქმედებები, გააუქმოს ე.წ. „შეთანხმება" და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, შეუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში.