საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ICT სფეროს ინოვაციური ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით განვითარებას, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო მე-12 სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების სიმპოზიუმის გახსნაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მაღალგანვითარებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები წარმოადგენს საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების მძლავრ საშუალებას, იგი მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
"აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ICT სფეროს ინოვაციური ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით განვითარებას. ქვეყანაში შექმნილია სფეროში ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო და ტარდება სპეციალური ზომები მეწარმეობისა და კონკურენციის განსავითარებლად, მომსახურების არსებული სახეობების გასაუმჯობესებლად და ახალი მომსახურებების დასანერგად.
ქვეყანაში ICT სფეროში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რამაც უზრუნველყო ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების განვითარება. საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამების დანერგვის, ქვეყნის ყველა სკოლის მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფის შედეგად ხორციელდება მოსწავლე ახალგაზრდობის ICT უნარ-ჩვევების შესწავლა და განვითარება. ამასთან ერთად წარმატებულად ხორციელდება ღია მმართველობის საქართველოს პროგრამა, რომლის მიზნებია საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, სახელმწიფოს მართვაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, შექმნილია სერვისების მოქალაქის პორტალი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 300 -ზე მეტ საჯარო მომსახურებას და ა.შ.",- განაცხადა მინისტრმა
კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველომ მნიშნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები მსოფლიოს ICT რეიტინგებში.
"მაგრამ, მიღწეული შედეგებით არ ვკმაყოფილდებით, რადგანაც ქვეყანაში ICT-ის განვითარება წარმოადგენს 21-ე საუკუნის გამოწვევას და ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რისთვისაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, სფეროში მოქმედი კომპანიებთან, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმები. რომელთა განსახორციელებლად დაიწყო კონკრეტული საქმიანობა. ახალმა ტექნოლოგიებმა, ინოვაციებმა, მაღალგანვითარებულმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მის ევროატლანტიკურ სივრცეში ღრმა ინტეგრაციას.
სახელმწიფო პოლიტიკის და მისგან გამომდინარე, პროგრამების და პროექტების პრაქტიკულად განხორციელებისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო", რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტექნოლოგიური პარკების, ბიზნეს და ინოვაციური ცენტრების შექმნა და ფუნქციონირება, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პროდუქციად ქცევას, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საქართველოს მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევას და აღნიშნული ინსტრუმენტებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. "ციფრული მაუწყებლობის სააგენტო" უზრუნველყოფს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციას",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
როგორც უწყების პირველი პირი აცხადებს, სამინისტრო განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი საინფორმაციო სივრცის ფორმირების საკითხზე, რასაც უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად მთლიანობაში ქმნის ქვეყნის ერთიან სატრანზიტო ეკონომიკურ სივრცეს. ფაქტიურად ეს გახლავთ ახალი საინფორმაციო-ტექნოლოგიური „აბრეშუმის გზა."
"ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებებით, ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა განხორციელდეს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რაც წარმოადგენს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში შესაბამისი სამუშაოები ტარდება და საქართველო გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე განსაზღვრულ ვადაში.
ICT სფეროში საქართველოს ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების განხორციელება, რომლებიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იქნა აღნიშნული, მოითხოვს სახელმწიფო და კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რისთვისაც ჩვენ მუდმივად მზადყოფნაში ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი და ITU-ს მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და ღრმა გახდება" , - განმარტავს კვირიკაშვილი.