ბათუმის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა შედგა. საკრებულოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განმარტებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სწორად გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმელებისათვის. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნა ხუთი ძირითადი მიმართულება, ესაა ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
ბათუმის მერიის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი - 96,667.3 ათასი ლარია, საიდანაც, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციისთვის 46,160.8 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 8,451.8 ათასი ლარი, ხოლო 10,049.3 ათასი ლარი განათლებისს პროგრამებს მოხმარდება, განაცხადა შეხვედრაზე მერიის საფინასო-ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ვანაძემ.
ბათუმის საკრებულო განხილვების შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით იმუშავებს ბიუჯეტის პროექტზე და შენიშვნებითა და რეკომენდაციით დაუბრუნებს ქალაქის მერიას, ხოლო შემდეგ, საკრებულო ვალდებულია ბიუჯეტის ჩასწორებული ვერსია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს.