20 ნოემბერს ლონდონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრს, ლორდ ლივინგსტონს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხები, მიმდინარე რეფორმები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები ქართული ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას საქართველოში. ლორდ ლივინგსტონმა გამოხატა ინტერესი თანამშრომლობის გაღრმავებისა ისეთ სექტორებში, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და ტურიზმი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პირდაპირი რეისების არსებობის აუცილებლობასა და ამ კუთხით ერთობლივი ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე, ასევე, განიხილეს საქართველოში ბრიტანული კომპანიების რეგიონალური ოფისების დაფუძნების საკითხები.