საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემები ნატო-ს უელსის სამიტის შემდგომი გზა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. ალიანსის გენერალურმა მდივანმა უელსის სამიტს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა და აღნიშნა, რომ არსებითი პაკეტით ნატო საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და წევრობასთან დაახლოებაში დაეხმარება.
ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთსა და რუსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხით შეშფოთებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართა
მასალის გამოყენების პირობები