კორუფციის რისკების მიხედვით მსოფლიო ინდექსში საქართველო მოწინავე პოზიციას დადებითად აფასებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია. იზორიას განმარტებით, საქართველოში რისკ ფაქტორები, ეს იქნება ინვესტორებისთვის, ცალკეული უცხოელისთვის, თუ უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ გახდნენ კორუფციული გარიგების მსხვერპლი, არის ძალიან დაბალი.
„მინდა გაუწყოთ, რომ ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ, როგორიც არის TRACE International-ი, იგი აერთიანებს ასზე მეტ ტრანსნაციონალურ კომპანიას და ათასამდე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან ამ ასოციაციაში გაერთიანებულები, შეაფასეს მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ კი 197 ქვეყანაში კორუფციის დონე, რისკები და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის ამ შეფასებიბით მოწინავე რიგებში. კერძოდ კორუფციის რისკები, მექრთამეობის რისკები არის დაბალი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ვართ მე-11 ადგილზე. რაც შეეხება, კრიტერიუმებს რაც თქვენ იკითხეთ, თუ რის საფუძველზე მოხდა შეფასება, ეს გახლავთ პირველი ის რომ მთავრობა შეფასდა, როგორც გამჭვირვალე, ანუ ინდექსი შეფასებისა იყო მთავრობის გამჭვირვალეობა თავის საქმიანობაში. ასევე შეფასდა სამოქალაქო სექტორიდან ზედამხედველობის მექანიზმები, თუ რამდენად ეფექტიანია, შეფასდა ასევე ანტიკორუფციული კანონმდებლობა და მისი აღსრულებლობის ხარისხი. ასე რომ ამ მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით მოხდა განსაზღვრა იმისა, რომ საქართველო და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, არის მოწინავეთა რიგებში, სადაც ბიზნესგარემო, სადაც მთლიანად შეფასებები კორუფციის, პირველ რიგში ბიზნეს გარემო არის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო კორუფცია არის ძალიან დაბალ დონეზე, შესაბამისად რისკ ფაქტორები, იქნება ეს ინვესტორებისთვის, იქნება ეს ცალკეული უცხოელისთვის თუ ასევე პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის იმისათვის რომ ისინი ამ კორუფციული გარიგების მსხვერპლი გახდნენ, არის ეს ძალიან დაბალი.
ეს წელს პირველად გამოაქვეყნა ბიზნეს ასოციაციამ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია გეგმავენ ორ წელში ისევ ანალოგიური შეფასების გამოქვეყნებას, ასე რომ წელს პირველად მოხდა ეს შეფასება", - განაცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან, საკითხის კომენტირებისას.
კორუფციის რისკების ინდექსი „Trace International"-მა „RAND Corporation"-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. „Trace"-ის მატრიცა რისკების შეფასების პირველი გლობალური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, ქვეყანაში არსებული კორუფციული რისკები შეაფასოს.
საქართველო რეიტინგში უკან იტოვებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ნორვეგია - მე-12 ადგილი, ჰოლანდია - მე-13 ადგილი, საფრანგეთი - მე-14, შვეიცარია - მე-16, დიდი ბრიტანეთი - მე-19, ხოლო ავსტრია - მე-20 ადგილი.
კვლევის მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოს რეიტინგი უპრეცედენტოა: კვლევა 197 ქვეყანას მოიცავს მაშინ, როდესაც, შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივე" 189 ქვეყანას ფარავს.
ინდექსის მიხედვით, კორუფციული რისკების შეფასება ეფუძნება შემდეგ ოთხ სფეროს:
ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან, რაც გულისხმობს რეგულაციების სიმარტივეს და ქრთამის გადახდის მოლოდინის არსებობას ბიზნესსექტორში;
ანტიკორუფციული კანონები და მათი აღსრულება;
სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობა;
სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასა და სოციალური განვითარების დონეს.
ინდექსის წყაროა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგისა და კვლევის მონაცემები, მათ შორისაა მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, „Freedom House"-ის, ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრების გარეშე", გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის, „Global Integrity"-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები, რომელთა სტანდარტიზება ხდება 100-ქულიან სკალაზე. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია კორუფციული რისკები ბიზნესისთვის ქვეყანაში. ინდექსის განახლება 2 წელიწადში ერთხელ იგეგმება. მომდევნო კვლევის შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდება.