კახა დაგვყურებს სასუფევლიდან და მისი გული ხარობს, რომ ამდენი ახალგაზრდა არის დღეს ჩვენ რიგებში, რომ საქართველოს მომავალი აქვს და ამ მომავალში თითოეული ჩვენგანის წვლილია, - ამ სიტყვებით, მიმართა აქციის მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დედაქალაქიდან.
ექსპრეზიდენტი აქციის მონაწილეებს, უკრაინაში, მაიდანზე შეტაკებების დროს დაღუპული ქართველის დათო ყიფიანის მეუღლესთან, შვილთან და დედასთან ერთად ჩაერთო.
სააკაშვილმა გამოსვლა საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძესთან ბოლო შეხვედრაზე საუბრით დაიწყო.
"იყო დრო, როდესაც ამ მოედანზე, რუსთაველზე, ჩვენთან ერთად, როდესაც მტერი მოადგა საქართველოს კარიბჭეს, იდგა არაერთი ქვეყნის ლიდერი. საქართველოში მაშინ ჩამოვიდნენ მსოფლიო ლიდერებით, მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტი. როდესაც უკრაინას გაუჭირდა, აქ საქარველოს არც ერთი მოქმედი ლიდერი არ ჩამოსულა, მაგრამ დათო ყიფიანი დადგა, ჩვენი ბიჭები დადგნენ. ისინი იბრძვიან არამარტო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც. მე მინდა ყველამ ქედი მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე, მათ წინაშე ვინც ასე ღირსეულად წარმოადგენდნენ უკრაინასა და მთელს მსოფლიოში", - განაცხადა სააკაშვილმა.