„უწერის" მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიზნით გამოყენებისას, მოსაკრებელი 1 კუბურ მეტრზე განისაზღვრება 0,04 ლარით, ნაცვლად აქამდე დაწესებული 4 ლარისა. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ".
კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრის, თამაზ ჯაფარიძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ უწერაში სამი ტიპის წყლის საბადო არსებობს, რომელთაგან ორი სასმელია და შინაგანი მოხმარებისთვის გამოიყენება, ერთი კი მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის, აბაზანებისთვისაა გამოსაყენებელი. შესაბამისად, იმის გამო, რომ სამივე ტიპის წყლისთვის მოქმედი რეგულაციით განსაზღვრულია ერთი და იმავე ოდენობის მოსაკრებელი, აღნიშნული იწვევს მინერალურ წყალ „უწერას" მოპოვების ლიცენზიის საწყისი ფასის არაადეკვატურ ზრდას, რის გამოც ვერ ხერხდება ინვესტორების დაინტერესება აღნიშნული საბადოს მიმართ. როგორც თამაზ ჯაფარიძემ განაცხადა, სწორედ ამის გამო დღემდე არ გამოუჩნდა რეალური მყიდველი და ეს უნიკალურ წყლის საბადო განადგურების ზღვარზე იმყოფება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, არსებული კანონით, დაწესებულია ერთიანი მოსაკრებელი 0,04 ლარი 1 კუბურ მეტრზე, მხოლოდ „უწერას" შემთხვევაშია დადგენილი 4 ლარი. კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებაცაა.