ბათუმსა და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული არასტანდარტული და ექსპლოატაციისათვის არასათანადო ნაგავსაყრელები კონსერვაციად დაექვემდებარება. საუბარია სულ 3 ნაგავსაყრელზე. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, პროექტს რეგიონისათვის როგორც ეკოლოგიური და სოციალური, ასევე ტურისტული გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ დღეს სამინისტროში ნაგავსაყრელის მშენებლობის თემაზე სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის დეტალები განიხილეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს 2010 წლიდან ახორციელებს. საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. 3 მილიონი ევრო სესხის სახით EBRD-დან დაფინანსდება, 4 მილიონ ევროს კი გრანტის სახით SIDA-დაფარავს.
პროექტის მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მოწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, ასევე აჭარის მთავრობის აპარატის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, EBRD-ისა და SWECO-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.