ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის მეთაური, პროფესორი გოგი დოლიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს მიმართავს. მიმართვის ტექსტს "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"განცვიფრებული ვარ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით: ჩვენი ყმაწვილკაცობის ლეგენდარული რაინდი, საქართველოს ეროვნული გმირი _ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ასე სასხვათაშორისოდ როგორ გაიმეტეთ იმ ადგილისათვის, რომელიც ჯერ მხოლოდ მიწის ზედაპირზე საავტომობილო მოძრაობისათვის საგანგებოდ გაყვანილი ზოლია და არა _ ქუჩა! ეგებ თქვენ მაინც მიუთითოთ, ძვირფასო კოლეგავ, თქვენს ზოგიერთ დეპუტატს, სპეციალური ლიტერატურა იმის შესახებ თუ რას ნიშნავს თავად ტერმინი "ქუჩა" და ა.შ. თორემ რა გამოდის, იმისათვის ჩამოვასვენეთ ჩვენი ეროვნული გმირის ნეშტი მთაწმინდაზე საუკუნოდ განსასვენებლად, რომ შემდეგ ასე გადაგვეგდო, როგორც პირდაპირი ისე ფიგურალური გაგებით?!
ერთ რამეში უნდა დაგარწმუნოთ, ძვირფასო კოლეგავ, მაგ თქვენ ზოგიერთ დეპუტატს ხომ არ ჰგონია, რომ მთელი დასი ჩოხებითა და ხანჯლებით მოგივარდებით და პროვინციულ აქციებს მოგიწყობთ ქვეყნის სასაცილოდ? ეს ერთობ დიდი პატივი იქნება მათთვის! თუმცა კატეგორიულად კი მოვითხოვთ, რომ შემდგომ გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად, სრული წერილობითი ანუ ოფიციალური ინფორმაცია მოგვაწოდოთ იმ სხდომის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე, რომელზედაც ეს სავალალო საკითხი გადაწყდა...
მწამს, თქვენი გულისხმიერებისა და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ წინასწარვე გადაგიხადოთ მადლობა", - ნათქვამია მიმართვაში.