პარლამენტს პრეზიდენტის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონზე ვეტოს დასაძლევად 76 ხმა სჭირდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა აღნიშნული პროცედურა მაშინ განხორციელდება თუ საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.
,,მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტი შემოვა შესაბამისი შენიშვნებით, საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს პრეზიდენტის ვეტოზე. პარლამეტს შეუძლია გაითვალისწინოს შენიშვნები და მიიღოს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი კანონპროექტი ხმათა იმავე რაოდენობით რა რაოდენობითაც პირველად არის მიღებული კანონპროექტი. პარლამენტში კანონპროექტების მიღება ხდება პარლამენტის დამსწრეთა უმრავლესობის მიერ ოღონდ ეს არ უნდა იყოს სიითი შემადგენლობის 1/3 ნაკლები. იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს და შეეცდება ვეტოს დაძლევას მაშინ ეს შესაძლებელია პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. Dდღეს კი პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა არის 76 წევრი", _განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, უკვე დაძლეული კანონპროექტი გადაწყვეტილების მისაღებად კვლავ პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს.
,,იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, საკანონმდებლო ორგანო უკვე დაძლეულ კანონპროექტს კვლავ გადაუგზავნის პრეზიდენტს ხელმოსაწერად და მას აქვს შვიდღიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს კვლავ არ მოაწერს მაშინ იგი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში", _განაცხადა კახიანმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონს ვეტო დაადო. შესაბამისად შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს", რომლის მიხედვითაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროექტის დამტკიცების ვადა გადაიწია, დეპუტატებმა გუშინ უყარეს კენჭი და მას 65 მომხრე და 31 მოწინააღმდეგე ჰყავდა. მოწინააღმდეგეებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, "ქართული ოცნება - თავისუფალი დემორკატების" 9 წევრიც იყო და მათთან ერთად მურმან დუმბაძეც.
პარლამენტმა აგვისტოში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა - ე.წ. გასაღები.
აგვისტოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პარლამენტს 2014 წლის პირველ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა გუშინ მიღებული კანონის თანახმად ამ ვადამ გადაიწია.