საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს ამ დროისთვის ე. წ. სამხრეთ ოსეთის არც ერთი მოქალაქე არ ჰყავს დაკავებული.
"ყველა, ვინც დაკავებული გვყავდა, ოსურ მხარეს უკვე გადავეცით. ჩვენ მიერ დაკავებული 6 პირი კი რამდენიმე დღის წინ გავათავისუფლეთ. ამის გათვალისწინებით, ოსი სეპარატისტების ბრალდება მიუღებელია და სიმართლეს არ შესაბამება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" უტიაშვილმა.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას ე. წ. სამხრეთ ოსეთის 30 მოქალაქე ჰყავს დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. სახალხო დამცველზე დევიდ სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება.
სანაკოევის მტკიცებით, ოსურმა მხარემ მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს 12 მოქალაქე გაანთავისუფლა, მაშინ, როცა, საქართველოს ხელისუფლებას ე. წ. სამხრეთ ოსეთის 30 მოქალაქე ჰყავს დაკავებული, რომელებსაც ქართული მხარე "უგზო-უკლოდ დაკარგულებად" მოიხსენიებს.