ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის ფინანსთა მინისტრთან, ალექსანდრ შლაპაკთან (Oleksandr Shlapak).
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც აქვს საქართველოს, რათა დახმარება გაუწიოს პარტნიორ ქვეყანას.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინის ფინანსთა სამინისტროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობას.
„ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რათა საქართველო-უკრაინას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები იყოს უფრო მაღალ დონეზე, ვინაიდან უკრაინა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.