შვედეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის შეხვედრა გაიმართა.
შეკრება ქართულ ხელოვნებასა და ფერწერას მიეძღვნა.
შვედმა არქეოლოგმა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციების მკვლევარმა, პროფესორმა ულრიკა სოდერლინდმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ.
თანამედროვე ქართულ ფერწერაზე ისაუბრეს ჩრდილოეთ შვედეთის ქალაქ ვირსბუს მცხოვრებლებმა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროექტის ავტორებმა, სტაფან და ელსა მატსონებმაც. მათ წამოადგინეს ინფორმაცია თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ვირსბუში გაიმართა.
შეხვედრისას ასოციაციის წევრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. მან მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და შვედურ-ქართული ორმხრივი ურთიერთობები.
შეხვედრის შემდეგ ასოციაციის წევრების დაჯილდოვების ცერემონია შედგა, რომელსაც საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა და უკვე ტრადიციად იქცა.
ქართულ-შვედურ ურთიერთობებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ელჩმა საელჩოს სამახსოვრო მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა ასოციაციის ის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად არიან ჩართული შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში და შვედი ექიმები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ახორციელებენ სმენადაქვეითებული ბავშვების დახმარების პროექტს.
შეხვედრის ბოლოს საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.
ეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საელჩო ხელს უწყობს ამგვარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და აქტიურად თანამშრომლობს მათთან.