საქართველოს იუსტიციის მინისტრი რომში ვენეციის კომისიის საიუბილეო სხდომას დაესწრება. რიგით მე-100 სხდომაზე თეა წულუკიანი და მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე არიან მიწვეულნი. კომისია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტსაც განიხილავს, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადდა.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ის მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მისი მიზანი თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლოს საქმიანობაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ითვალისწინებს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის თანამდებობაზე გამწესებას კონკურსის წესით; მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შექმნას; სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას მოსამართლეთა მიერ; მოსამართლეთა დისციპლინური დევნის მექანიზმებისა სამართალწარმოების პროცედურების დახვეწას; საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპის დამკვიდრებას. ცვლილებების თანახმად, მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოდან.
სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე იუსტიციის სამინისტრო 2012 წლიდან მუშაობს. ინსტიტუციური რეფორმის პირველი ტალღა 2013 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებით დასრულდა. რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში შემოღებულ იქნა მოსამართლის უვადო გამწესება და დადგინდა 3-წლიანი „გამოსაცდელი ვადა"; ჩამოყალიბდა მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც ადგენს შეფასების პროცესის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის ვალდებულებას და, ამავე დროს, ითვალისწინებს შეფასების პროცესში მოსამართლის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია საკუთარ პოზიციას ხვალ 11 ოქტომბრის სხდომაზე გამოხატავს. იუსტიციის სამინისტროს მიერ კომისიის რეკომენდაციების განხილვისა და გაზიარების შემდეგ ცვლილებათა პაკეტი საქართველოს მთავრობას და პარლამენტს წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები