„ჰურიეთ დეილი ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თურქული ტურისტული სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი ბაშარან ულუსოუ საუბრობს ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, რომელიც, რეგიონში არსებული კონფლიქტური კერების მიუხედავად, წარმატებით ვითარდება და წინ დიდი პერსპექტივები აქვს.
„თურქეთი ის აღარ არის, როგორიც, ვთქვათ, ერაყის პირველი კრიზისის (1991 წელს) იყო. დღეს ყველამ იცის და ყველა დარწმუნებულია, რომ თურქეთი სრულიად უსაფრთხო ქვეყანაა. ამას ადასტურებს ის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სირიასა და ერაყში შექმნილი რთული ვითარება თურქეთზე უარყოფით გავლენას ვერ ახდენს", - ამბობს ბაშარან ულუსოუ და ციფრებს იშველიებს: „მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თურქეთს 20 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,84%-ით მეტია". საინტერესოა, რომ 2001 წელს თურქეთში მხოლოდ 10 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, თურქეთის შემოსავლები ტურიზმისაგან მიმდინარე წლის ბოლოს 35 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
რესპოდენტის თქმით, თურქეთს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ ის თითქმის ყველა მიმართულების ტურიზმს ემსახურება: „ჩვენ გავაერთიანეთ რეგიონული ირიენტირები ეგეოსის ზღვიდან შავ ზღვამდე, ხმელთაშუა ზღვიდან კი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით".
ბაშარან ულუსოიმ თურქი ტურისტების პრიორიტეტულ ქვეყნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში შედის, სადაც თურქები ყველაზე ხშირად დადიან (საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი).
მასალის გამოყენების პირობები