პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან სოზარ სუბარის მზადყოფნას კანდიდატურის მოხსნის შესახებ "პოლიტიკაში ლირიულ გადახვევად" აფასებს.
"ეს ლამაზი, კეთილშობილური ჟესტია, მაგრამ მას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება. პოლიტიკაში ლამაზი ჟესტები ლირიკაა და ის მხოლოდ ასეთი ჟესტების ავტორებს ამშვენებს, თუმცა მას პოლიტიკაზე არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ისეთი შეთავაზებებით, როგორიც სოზარ სუბარმა გააკეთა, სავსეა პოლიტიკის ისტორია, მაგრამ ის ყოველთვის შეფასებულა, როგორც რეალური პოლიტიკის მკაცრი, ეკლიანი გზიდან ლირიული გადახვევა", - განუცხადა სოსო ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ სუბარის ამ "კეთილშობილურ ჟესტს" გამოხმაურება შესაბამისი ადრესატების - ლევან გაჩეჩილაძისა და ინგა გრიგოლიას მხრიდან არ მოჰყვება.
"სუბარის წინადადებას არ მოჰყვება გამოხმაურება, ეს გამორიცხულია. გაჩეჩილაძის მრჩეველი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას უფრო სხვა გეგმები აქვს, ვიდრე საკრებულის თავმჯდომარეობაა", - განმარტავს ცინცაძე.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.