პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის შეფასებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ სოზარ სუბარის განცხადება "ჭკვიანურია", რადგან "მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა".
"სუბარის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ის ძალიან კარგი ომბუდსმენი იყო. თუ ეს აპარატი ოდესმე რამეს წარმოადგენდა, ეს სოზარის დროს იყო, მაგრამ, მას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მისი განცხადება ჭკვიანური იყო და მეტიც, ეს მას უფრო ადრე რომ გაეკეთებინა სჯობდა", - განუცხადა კლიმიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" სუბარის შესაბამის განცხადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, პოლიტოლოგი არჩევნებში წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს "ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასაც.
"არც ალასანიას არ აქვს თბილისის მერობის რაიმე შანსი და არა იმიტომ, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. უბრალოდ, ალასანიაც, ისევე როგორც სუბარი ჯერ სერიოზული პოლიტიკოსები არ არიან და ასეთები რომ გახდნენ წლები დასჭირდებათ. მერე უკვე, ალასანია შეიძლება არა მხოლოდ მერი, პრეზიდენტიც კი გახდეს", - განმარტავს კლიმიაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველოში საკრებულოს ინსტიტუტი არ არსებობს, რის კონტექსტშიც გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ უწყების თავმჯდომარეობისთვის "ნამდვილი ომია" გამოცხადებული.
"საკრებულო გვყავს? ვინმემ იცის თბილისის საკრებულო არსებობს თუ არა და ვინ არის მისი თავმჯდომარე? ასი კაციდან ერთი თუ გიპასუხებთ. აქედან გამომდინარე, არ მესმის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ასეთი ომი რატომაა გამოცხადებული", - ამბობს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.