ფინანსური განათლების პრობლემაზე ისაუბრა დღეს ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაში დგას.
"ფინანსური განათლების პრობლემა აქტუალურია ყველა განვითარებად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საშუალო და დაბალო შემოსავლის მქონე მოსახლეობამ, რომელიც საქართველოში აბსოლუტურ უმეტესობას წარმოადგენს, საკუთარი შემოსავლების სწორად დაგეგმვა ისწავლოს", - აცხადებს ქადაგიძე და განმარტავს, რომ მიუღებელია, როდესაც ადამიანს, ყოველთვიურად, პირობითად, 900 ლარიანი შემოსავალი აქვს და აქედან 200 ლარს ძვირადღირებული ტელეფონის განვადებაში იხდის, 300 ლარს იმ სესხის მომსახურებაში, რომელიც იმისთვის აიღო, რომ ზაფხულში თურქეთში დაესვენა, კიდევ რაღაც ნაწილი საკრედიტო ბარათის ან "ოვერდრაფტის" ყოველთვიურ შენატანში ეხარჯება და ა.შ.
"ასეთი ადამიანები ძალიან სწრაფად საკუთარ თავს ფინანსური სიძნელეების წინაშე აყენებენ და ხშირად გადახდის უუნარო ხდებიან. თუკი საბანკო სექტორში ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ასეთი ტიპის კრედიტებს, არაფორმალიზებულ საფინანსო სექტორში, ლომბარდებსა და ა.შ. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, ვინაიდან ამ ყველა "სიკეთეს" უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთებიც ემატება"-, აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.