ჟენევაში საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას - EFTA (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი), შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში განხილულ იქნა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების ღონისძიებები, მათ შორის მხარეებს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა.
შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ი. ნანობაშვილი. საქართველოსა და EFTA-ს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა 2012 წელს მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში.