„სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იცვლება სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინიცირების პირობები და ანაზღაურების წესი.
კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პირობები და საფუძვლები. მოცემული ცვლილება განპირობებულია პროვატიზების ახალი ფორმის დამატებით, როგორიცაა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. კანონპროექტით ასევე იზრდება მხარის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადა და 2 თვე იცვლება 4 თვით.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით მარტივდება სახელმწიფო დაწესებულების ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხი.
კანონპროექტით ზუსტდება წილებისა და აქციების პრივატიზების ფორმები და ემატება წილებისა და აქციების უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა. ასევე შესაძლებელი გახდება შესაბამისი საპროვატიზებო პირობების არსებობისას ქონების გირავნობით დატვირთვა, იპოთეკით დატვირთვის პირობების ანალოგიურად.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების განკარგვის სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება კანონით დადგენილი წესით.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირები გათავისუფლდებიან სახელმწიფოსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 1 ივლისამდე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებებისაგან. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არამართლზომიერად სარგებლობდნენ სახელმწიფო ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის, გათავისუფლდებიან 2012 წლის 17 სექტემბრამდე ან 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ სახელმწიფო საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.