2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მლნ ლარს დახარჯავს. მთავრობის №1524 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, 3 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე იქნება მიმართული, რომელიც თავის მხრივ 2014 წლის ვაშლის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებებს დააფინანსებს.
„სააგენტომ, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2014 წლის 20 ნოემბრამდე 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს შეისყიდან არანაკლებ 0.10 ლარად, გასცეს სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე - 0.08 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
სააგენტოს ასევე დაევალა, რომ 2014 წლის არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნას.