მთავრობამ თბილისის მუნიციპალიტეტს სესხის აღების „ვიზა" მისცა. როგორც მთავრობის №1525 განკარგულებაშია აღნიშნული, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საფუძველზე, მთავრობამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, კომერციული ბანკიდან არაუმეტეს 30 024,6 ათასი ლარის ოდენობის სესხის უფლება მისცა.
„შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა კომერციული ბანკიდან ასაღები სესხის პირობები (მათ შორის, სესხის ვადიანობა და საპროცენტო განაკვეთი) აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს", - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
განკარგულებითვე, თბილისის მუნიციპალიტეტი კომერციული ბანკიდან თანხას ეტაპობრივად (ტრანშებად) მიიღებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ანგარიშებზე განთავსებული თანხა იქნება სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები და თითოეული ტრანშის გამოთხოვა შეათანხმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
მასალის გამოყენების პირობები