2014 წლის აგვისტოში 2013 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 3,4 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელები; ტრანსპორტი ; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,98 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (14,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (9,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-4,7 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 2,8-პროცენტიანი ზრდა, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,4 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელში 0,30 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 9,9-პროცენტიანმა მატებამ.
მასალის გამოყენების პირობები