საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადდება მათთვის, ვისი საგადასახადო დავალიანება 5 ათას ლარს არ აღემატება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების მორიგი პაკეტი საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს.
"გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე შეძლებს საგადასახადო დავალიანების გადავადებას ერთი წლით, თუკი თანხა არ აღემატება 5 000 ლარს. შედეგად, მცირე ბიზნესი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და საწარმოს განვითარებას", - განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართული იყო ბიზნეს-სექტორი და ბევრი ინიციატივა სწორედ მათი წინადადებებით მომზადდა.