ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს ეწვია და პირადად გაეცნო მგზავრთა გაზრდილი რაოდენობის პირობებში საბაჟოს მომსახურების ხარისხს. ფინანსთა მინისტრი გაესაუბრა მოსახლეობას და მოისმინა მათი შენიშვნები და მოსაზრებები.
„ჩამოვედი, რათა ადგილზე გავეცნო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ყველაფერს აკეთებენ, რათა ასეთ გაზრდილ მგზავრთა ნაკადს მოემსახურონ, არ შექმნან დამატებითი პრობლემები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით საქართველოში შემომსვლელმა თითოეულმა მოქალაქემ, ტურისტმა თუ ტრანზიტით მიმავალმა მგზავრმა, თავი კომფორტულად იგრძნოს საქართველოში," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.