საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 36-თვიანი „სარეზერვო დაფინანსება" 100 მილიონი ნასესხობის სპეციალური უფლების" (SDR-ის ოდენობით, დაახლოებით 154 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამის მხარდასაჭერად.
აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს 40 მლნ (SDR-დაახლოებით 62 მილიონი აშშ დოლარი) დაუყოვნებლივ გამოყოფას, ხოლო დარჩენილი თანხა გადანაწილდება პროგრამის მსვლელობის განმავლობში მიმოხილვების გათვალისწინებით.
სსფ-ს ინფორმაციით, ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის პროგრამა, მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური მოწყვლადობების შემცირებას, პოლიტიკის ბუფერების გაძლიერებასა და ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. ამავდროულად, მოხდება ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერება. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ განხილვის დასრულების შემდგომ, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ მინ ჟუმ და საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ფონდის მიერ მხარდაჭერილი წინამორბედი პროგრამის ფარგლებში მიღებულმა საქართველოს მაკროეკონომიკურმა შედეგებმა, აჩვენეს ძლიერი მხარდაჭერა ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმებისადმი, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკური ზრდის აღდგენასა და ფასების სტაბილურობის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანი ნეგატიური რისკებისა და მაღალი სიღარიბისა და უმუშევრობის დონეების გათვალისწინებით, ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება პოლიტიკური და სტრუქტურული რეფორმების უწყვეტად გატარებაზე, რომლებიც მიმართული იქნება პოლიტიკური ბუფერების შექმნისკენ და უფრო მაღალი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური ზრდის წახალისებისკენ. ამ კუთხით, საქართველოს ახალი 36-თვიანი „სარეზერვო დაფინანსება" ხელს შეუწყობს ფისკალური და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტების შემცირებას, ინფლაციის თარგეთირების გაძლიერებას, გაცვლითი კურსის მოქნილობის გაუმჯობესებასა და მიუკერძოებელი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, მაშინ როდესაც მოკლევადიან პერიოდში ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, საშუალოვადიან პერიოდში პროგრამა მიზნად ისახავს დეფიციტის შემცირებას იმისათვის, რომ ფისკალურ პოლიტიკას ჰქონდეს საკმარისი არეალი ეკონომიკის დასასტაბილურებლად. საგადასახადო სისტემის მოდერნიზების გზით და ფონდის მხარდაჭერით გაუმჯობესდება შემოსავლების ამოღება. პროგრამის ფარგლებში მოხდება გამოშვებისა და გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირება, რასაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის უფრო თანაბარი შესრულება წლის განმავლობაში
სტრუქტურული რეფორმები იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი კონკურენციის გაძლიერებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნების მისაღწევად პროგრამის ფარგლებში. ამ მიმართულებით, მისასალმებელია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა" (DCFTA) და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც მიანიშნებს საქართველოს გაზრდილ ინტეგრაციაზე ევროკავშირთან, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატებას", - განმარტავენ სსფ-ში.
მიმდინარე მოვლენები: მიუხედავად საქართველოს დამაჯერებელი შედეგებისა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში 2012-2013 წლების განმავლობაში, ქვეყანა კვლავ დგას მაკროეკონომიკური გამოწვევების წინაშე. საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობას მნიშვნელოვნად განაპირობებს მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და საგარეო დავალიანება. ეტაპობრივი შემცირების პროცესის მიუხედავად, მაღალი დოლარიზაცია ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ბანკებს რისკების წინაშე აყენებს. რეგიონალური გეოპოლიტიკური დაძაბული ვითარება და მეზობელი ქვეყნებიდან შოკების გადადების საშიშროება ასუსტებს ეკონომიკის პერსპექტივებს, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების თვალსაზრისით და შესაძლოა, შეაფერხოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2013 წლის დასაწყისში ფისკალური პოლიტიკა აღმოჩნდა პროციკლური: წლის დასაწყისში - მკაცრი, როდესაც ეკონომიკა იყო შენელებული; წლის ბოლოს კი - შერბილებული, მაშინ როდესაც ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების პროცესში იყო. ფისკალურმა ექსპანსიამ ხელი შეუწყო ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 2013 წლის ბოლოს, თუმცა წარმოიქმნა ზეწოლა გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით, რამაც სავალუტო რეზერვების შემცირება გამოიწვია.
პროგრამის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის კორექტირების ჩარჩოს ჩამოყალიბებითა და საგადასახდელო ბალანსის მოკრძალებული დაფინანსების უზრუნველყოფით, პროგრამა ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და სანდოობის გაძლიერებას. ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერება მოითხოვს საქართველოს წმინდა საგარეო დავალიანების შემცირებას მდგრად დონემდე (დაახლოებით მშპ-ს 60 პროცენტი) საშუალოვადიან პერიოდში. აღნიშნული ამოცანის განხორციელება საჭიროებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას მშპ-ს 5 პროცენტამდე. აღნიშული შემცირების 60 პროცენტი უნდა შესრულდეს პროგრამის დასრულებამდე.
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ფისკალური დეფიციტის შემცირებაზე, ფისკალური რისკების შეზღუდვაზე, დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებაზე, გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. პროგრამა მხარს დაუჭერს ფისკალური რისკების გამოვლენის გაძლიერებასა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას. იმისათვის რომ მოხდეს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მშპ-ს 3 პროცენტამდე 2015 წლისათვის, ხელისუფლება მიმართავს ისეთ ზომებს, როგორებიცაა აქციზის გაზრდა თამბაქოზე და ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობის ზომიერი ზრდა.
„ამავდროულად, მიმდინარე ხარჯების სხვა კატეგორიები შენარჩუნდება უცვლელ დონეზე რეალურ გამოხატულებაში. დეფიციტის შემცირების მთავარ პრინციპია, არ მოხდეს ისეთი ზომების გატარება, რომლებიც არაპროპორციულ გავლენას იქონიებს ღარიბ და სოციალურად დაუცველ ფენებზე. სტრუქტურული რეფორმების კუთხით აქცენტი გაკეთდება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, განათლებისა და ტრენინგების განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირებაზე. რეფორმების დღის წესრიგში დგას კონკურენციის გაძლიერება, საკუთრების უფლებების უზრუნველყოფა, კომერციული დავების გადაჭრის მექანიზმის სრულყოფა, გაკოტრების პროცედურების გამარტივება, მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება და საჯარო ადმინისტრირების გაუმჯობესება.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გაგრძელდება მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს დახვეწასა და ინფლაციის მოდელირების გაუმჯობესებაზე მუშაობა ფონდის ტექნიკური დახმარების ხელშეწყობით. სებ-ი ასევე განახორციელებს კომუნიკაციის სტრატეგიის სრულყოფას. პროგრამის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გაგრძელდეს სებ-ის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ამავდროულად, მთავრობამ ფისკალური პოლიტიკა და სებ-მა მონეტარული პოლიტიკა უნდა აწარმოონ შეთანხმებულად:, - აღნიშნულია სსფ-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები