ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება, რომლითაც იგი ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით. ცვლილებები, რომელიც პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის ინიციატივით „საგადასახადო კოდექსში" შედის, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს. ინიციატორის განმარტებით, კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში აისახა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და რეგისტრირებულია როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი.
მასალის გამოყენების პირობები