"ვისოლი" საფეხბურთო მედიატურნირ Geosports.ge-ს თასს, რომელშიც სპორტული მედიის გუნდები მონაწილეობენ, 26-27ივლისს, საფეხბურთო სკოლა "ავაზაზე" უმასპინძლებს.
ტურნირის წინ, "ავაზაზე" პრესკონფერენცია და წილისყრა გაიმართა. Geosports.ge-ის თასის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ოთარ მუმლაძემ და მასპინძელმა, "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ მონაწილეებს მიმართეს. მათ ყურადღება გაამახვილეს მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ Geosports.ge-ის თასი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტული მედიის პოპულარიზაციას ემსახურება.
"მედიატურნირი Geosports.ge-ის თასი "ვისოლისა" და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ტრადიციულად, მეორე წელია იმართება. ჩვენი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული მედიის პოპულარიზაცია. იმედი გვაქვს, ამ ორი დღის განმავლობაში დროს სასიამოვნოდ გავატარებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს და მხარდამჭერებს", - აღნიშნა ოთარ მუმლაძემ.
"ვისოლი" უკვე მეორედ მასპინძლობს მედიატურნირს. მოხარული ვართ, კიდევ ერთხელ ვიყოთ მონაწილე ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციის კამპანიისა, რომელსაც სპორტული მედია ეწევა. "ვისოლისთვის" ქართული სპორტის მხარდაჭერა უცხო არ არის, რადგან ჩვენ 30 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია მოვახდინეთ ამ კუთხით და სპორტული მედიის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო სანახაობა გველის და წარმატებებს ვუსურვებ გუნდებს. მითუმეტეს, რომ გამარჯვებულებს "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავი და სუპერმარკეტების ქსელი "სმარტისა" და ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისგან" სიურპრიზები ელით", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
წილისყრის შემდეგ გაირკვა A და B ჯგუფში როგორ გადანაწილდნენ გუნდები.
A ჯგუფი: Sportall.ge, GDS, TV 3, ტელემედია. B ჯგუფი: მსოფლიო სპორტი, რუსთავი 2, აფხაზეთის ხმა, პრესმედია
ტურნირის გამარჯვებულს გადაეცემა Geosports.ge-ის თასი, ასევე გამოვლინდება "ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი", "ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი", "ტურნირის საუკეთესო მეკარე".
გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს "ვისოლი", "სმარტი" და "ვენდი'ს". ტურნირის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: „სალერი", „ბახმარო", „ნატახტარი", „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია".
მასალის გამოყენების პირობები