აჭარაში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე, ახალი საკურორტო ზონის განვითარება დაიწყო. საკურორტო ზონა და მისთვის აუცილებელი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა, სასტუმრო „ოაზისის„ ირგვლივ განვითარდება და მასში სასტუმროს ტიპის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისით აღჭურვილი საცხოვრებელი სახლები განთავსდება. შენდება 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა, 3 ღია და 1 დახურული აუზი, აკვაპარკი, კორტები, მოედნები. საერთო ჯამში მივიღებთ 1000 სასტუმროს ტიპის ბინას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
განახლებული სასტუმრო „ოაზისის" ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სასტუმროს მენეჯმენტმა 105 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც სასტუმროს ტიპის სახლების აშენების პარალელურად ჩაქვის პლიაჟის მოწყობასაც მოხმარდება.
პროექტის პრეზენტაციას, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მინისტრთა კაბინეტის და აჭარის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის ავსტრიელი ინვესტორები დაესწრებიან, რომელთაც, მსგავსი პროექტების წარმოების გამოცდილება ევროპის საუკეთესო კურორტებზე აქვთ.
„მოხარულები ვართ, რომ აჭარის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდაში ჩვენი კომპანია მნიშვნელოვან კონტრიბუციას მოახდენს. ასეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ევროპული ინვესტიციის პროექტი, რომელიც ტურიზმთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარებასაც უზრუნველყოფს საქართველოს ზღვისპირა ზოლში პირველად ხორციელდება. DREAMLAND OASIS-ის განვითარებით იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურისტების და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი.", - განაცხადა კომპანია DREAMLAND OASIS-ის წარმომადგენელმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.