მესტიის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებისათვის, წლის ბოლომდე, მთავრობის თანადაფინანსება 681 ათას 999 ლარი იქნება.
როგორც საქართველოს მთავრობის №1230 განკარგულებაშია აღნიშნული, „მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის № 523 განკარგულების შესაბამისად დაგეგმილი რეგულარული ავიარეისების საფასურის ნაწილის (ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გამოკლებით) დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 681 999 ლარი, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის" გადასაცემად.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისიდან ნატახტარის აეროდრომიდან თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო. მთავრობამ კომპანია ,,სერვისეირთან" გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელმაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და რეისებს ახალი ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით ახორციელებს.
ცნობილია, რომ სახელმწიფოს 3 წლის მანძილზე განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და რაც მთავარია ფრენა ზამთრის პერიოდში.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს. ავიარეისები კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, სრულდება. გაფრენა ხდება 11:00 საათზე, ხოლო გამოფრენა 14:00 საათზე. ბილეთის ღირებულება, ერთი მიმართულებით, 65 ლარია.
მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ „ვანილა სქაის" სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში - მისამართზე: ბამბის რიგი #11; მესტიაში ბილეთები იყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში;