თბილისში უმსხვილესი, 150 საწოლზე გათვლილი ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა და ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და კურტ კონტიმ ერთობლივი, 60 მლნ დოლარიანი პროექტის განხორციელების დეტალებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დიმიტრი ტვილდიანის ინფორმაციით, ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიანი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 ჰა მიწის ფართზე აშენდება.
"თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის 60 მლნ დოლარის ინვესტიცია საქართველოში კომპანია "თიბისი ჰოლდინგი" გლობალური დეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგი "კონტი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი "აიეტი" ერთობლივად განახორციელებენ.
„ვამაყობ, რომ დავიწყეთ პროექტის განხორციელება ისეთ რთულ სოციალურ სფეროში, როგორიცაა მედიცინა და გვჯერა, რომ ჩვენი ჰოსპიტალი იქნება რეგიონული ცენტრი უმაღლესი სამეციდინო მომსახურების თვალსაზრისით, "- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ჰოსპიტალის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ "აიეტისა" და აშშ-ის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.
„ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულების შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე ჩვენს მოსახლეობას ხელი მიუწვდება ისეთ სამედიცინო სერვისებსა და მომსახურებაზე, რომლებსაც იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში, ამდენად ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია როგორც სფეროს განვითარების, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით,"- განაცხადა დიმიტრი ტვილდიანმა.
ამერიკულ ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები. ამერიკულ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, 400-მდე ადამიანი დასაქმდება.
კორტ კონტიმ განაცხადა, რომ ინვესტიციებისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა და ჯანდაცვის მიმართულებით მას დიდი პოტენციალი გააჩნია, სტრატეგიულად ქვეყანა ხელსაყრელი მდებარეობა გააჩნია.
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს იქნება საერთაშორისო დონის ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებული ჰოსპიტალი. მისივე თქმით, ეს ჰოსპიტალი საშუალებას მისცემს ამერიკაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მომუშავე უმაღლესი რანგის პროფესიონალებს, მონაწილეობა მიიღონ ამ ჰოსპიტალის ჩამოყალიბებაში.