შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პროექტებს შორის, რომლებსაც უწყება პროფესიონალი კადრების მომზადებისა და მოზიდვის მიზნით ახორციელებს, ერთ-ერთი უმთავრესი ალტერნატიული აუდიტის პროგრამაა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით, დამტკიცებული წესის შესაბამისად, პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ პირს ენიჭება აუდიტორის უფლებამოსილება და მიეკუთვნება I ან II კატეგორია. აუდიტორის უფლებამოსილება და I კატეგორია შესაძლებელია მიენიჭოს იურიდიულ პირს, თუ მას დასაქმებული ჰყავს II კატეგორიის მქონე მინიმუმ 2 აუდიტორი. ამასთან, აღნიშნული აუდიტორები შრომითი/მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სამართლებრივ ურთიერთობაში არ უნდა იმყოფებოდნენ ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა იურიდიულ პირთან. აუდიტორის უფლებამოსილება და II კატეგორია ენიჭება იმ ფიზიკურ პირს, რომელმაც მიიღო დადებითი შეფასება შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ აუდიტორთა შესარჩევ ტესტირებაზე და წარმატებით გაიარა შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებული გასაუბრება.
„აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს I კატეგორია, ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისათვის გადასახადის გადამხდელის ბრუნვის ოდენობის მიხედვით შეზღუდვა არ უწესდება. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს II კატეგორია, უფლება აქვს ალტერნატიული აუდიტი ჩაუტაროს იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული წლიური ბრუნვა ან ერთობლივი შემოსავალი ან/და ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის ცალკეული საგადასახადო წლის მიხედვით არ აღემატება 500 000 ლარს. წლიური ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავალი ან/და ხარჯის აღნიშნული ოდენობა შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევისა და რისკების შეფასების საფუძველზე განისაზღვრა. აღნიშნული კატეგორიის პირები არ წარმოადგენენ მაღალი რისკის გადასახადის გადამხდელებს"- აცხადებენ უწყებაში.
შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, 2013 წლის 19 ოქტომბერს, ამავე წლის 7 დეკემბერსა და 2014 წლის 11 მაისს ჩატარდა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირება. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 1870-მა პირმა. ტესტირებაში დადებითი შეფასება მიიღო და შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ გასაუბრებაზე გასვლის უფლება მიენიჭა 229 მონაწილეს. გასაუბრების შედეგების მიხედვით, 120 ფიზიკურ პირს მიენიჭა აუდიტის უფლებამოსილება და II კატეგორია.
ალტერნატიული აუდიტის II კატეგორიის მქონე პირთა სია გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. შესაბამისად, შესაძლებელია აუდიტორებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის საგადასახადო შემოწმების თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება.
შემოსავლების სამსახური ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის შედეგებზე ხარისხის კონტროლს ახორციელებს. ხარისხის კონტროლი გულისხმობს საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელებულ პროცედურებს, რომელთა მიზანია ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის შედეგების საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის სამართლებრივი ანალიზი, ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ერთიანი მეთოდოლოგიის უზრუნველყოფა, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების ან შეუსაბამობების გამოვლენა.
ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების პროექტი 2015 წლის 1 იანვარს დასრულდება. პროექტი საპილოტე ფორმატში ხორციელდება და პროფესიონალი კადრების მომზადებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, პირს, რომელმაც შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ აუდიტორთა შესარჩევ ტესტირებაზე მიიღო დადებითი შეფასება, მიუხედავად იმისა, მიენიჭა თუ არა II კატეგორია, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ისარგებლოს სხვა კონკურსანტებთან მიმართებაში უპირატესობით და დასაქმდეს შემოსავლების სამსახურში.