რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ქართულ ეკონომიკაში ინვესტირებას გეგმავს. Financial Times-ი წერს, რომ იაკობაშვილი, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად მიიჩნევა, ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა ინვესტირება მშობლიურ საქართველოში განახორციელოს.
გამოცემის ინფორმაციით, დავით იაკობაშვილის უკმაყოფილება ვლადიმერ პუტინის მცდელობამ გამოიწვია, რომელსაც სურს აიძულოს ბიზნესმენები, რომ ობშორიდან რუსეთში გადაიტანონ თავიანთი სახსრები. იაკობაშვილი მიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა უფრო მეტ ზიანს აყენებს რუსეთს, ვიდრე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები.
ვლადიმერ პუტინის გეგმა, განახორციელოს დეოფშორიზაციის პროგრამა ამჟამად რუსეთის ირგვლივ შექმნილი ფინანსური და ეკონომიკური სანქციებიდან გამომდინარე, იაკობაშვილის აზრით, არის ბიზნესისათვის დაწესებული ხელოვნური წინააღმდეგობა.
„არავითარი ამერიკული და ევროპული სანქციები არ შეედრება ჩვენს საერთო სანქციებს - სანქციებს, რომელიც ზოგჯერ ბიზნესის წინააღმდეგ, ჩვენი საკუთარი დუმის მიერ წესდება. ზოგჯერ ისინი იღებენ ისეთ კანონებს, რომელთაც არავითარი საერთო არ აქვთ საღ აზრთან"- აცხადებს იაკობაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო, ამჟამად ყველაზე ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატია.
Financial Times-ი მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს განვითარებაში კრიტიკული მომენტი დგას, როდესაც ერთის მხრივ ხელმოწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ხოლო მეორეს მხრივ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად თანდათანობით იწყება რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.
იაკობაშვილის განცხადებით, მან უკვე ჩადო მილიონები საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ თანაინვესტირების ფონდში.
იაკობაშვლი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის მიმართულებები სადაც ინვესტიციების ჩადებაა შესაძლებელი, კერძოდ ჰიდროენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. შესაბამისად ბიზნესმენი მზადაა, კიდევ უფრო მეტი, კერძოდ 200 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადოს საქართველოში. ეს იმ პირობებში როდესაც მიმდარე წელს საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიცია 1 მლრდ დოლარს არ აღემატება.