ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ყოველწლიური მინისტერიალის (Annual Ministerial Review) ფარგლებში, საქართველომ ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა. ქართული მხარის სახელით მოხსენება გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გააკეთა.
ეროვნული ანგარიში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, საქართველოს შესაბამისი მიზნობრივი უწყებებისა და განვითარების საკითხებში საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მომზადდა.
პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს მიერ ათასწლეულის განვითარების რვა მიზნის მიღწევის კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევასა და არსებული პროგრესის შესახებ. საუბარი შეეხო ასევე იმ გამოწვევებს, რომლებიც კვლავ რჩება და სამომავლო გზებს მათი აღმოფხვრის მიზნით.
ყოველწლიური მინისტერიალი ECOSOC-ის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში იმართება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. ხსნებული ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი ეროვნული პრეზენტაციები გაეროს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ და გაიზიარონ ერთი მეორეს გამოცდილება. პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, ქვეყნის ანგარიში ხელმისაწვდომი ხდება წევრი ქვეყნებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
წლევანდელი მინისტერიალის ფარგლებში გაეროს წინაშე მოხსენებით წარსდგება ათი ქვეყანა. საქართველოსთან ერთად სესიაზე მოხსენებები გააკეთეს მექსიკისა და ტაილანდის წარმომადგენლებმა.