ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს მხარეს წინადადებით, აღდგეს რეგულარული სამოქალაქო ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, რომელიც 2006 წლიდან რუსული მხარის ინიციატივით იყო შეწყვეტილი.
ოფიციალურ წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარეს შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით გადასცა, აღნიშნულია, რომ 2014 წლის 15 სექტემბრიდან დაწყებული ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს შეუძლიათ, რეგულარული ფრენების განხორციელება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით, შეუზღუდავი სიხშირით.
„ აქვე, 2014 წლის პირველ სექტემბრამდე ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ იმ ეროვნული ავიაგადამზიდავების სია, რომლებიც დაშვებულნი იქნებიან თბილისისა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიარეისების შესასრულებლად. ქართულმა მხარემ გამოხატა თანხმობა რუსეთის ფედერაციის მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულ საკითხებზე, რის თაობაზეც ოფიციალურად გაეგზავნა შეტყობინება რუსეთის მხარეს", - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.