მიმდინარე წლის 9 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საფინანსო ხელშეკრულება განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების (DPO III) ფარგლებში საქართველოსთვის დაახლოებით 92.7 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.
„ჩვენმა ხელისუფლებამ კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა წარმატებით განახორციელა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მოგვცემს ამ რეფორმების გაგრძელებისა და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების საშუალებას. ახალი ხელშეკრულება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 2014-2017 ფისკალურ წლებში დაგეგმილი თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც სრულად მოიცავს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სექტორებს და თანხვედრაშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება მიმართულია საქართველოს კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში შემდგომი სტრუქტურული რეფორმების, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.
კონკურენტული გარემოს შექმნისა და ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით ფინანსდება.