სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ კონკრეტდება, თუ წელს რა მოცულობის ხორბლის დაბინავება, რისი მიზეზიც გვალვაა, რომელმაც ხორბლის ნათესები დააზიანა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა აცხადებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ და მალე მოხდება შექმნილი ვითარების გარკვევაც და მოსავლის პროგნოზირებაც.
კაჭარავას განმარტებით, მიმდინარე სეზონისთვის ხორბალი 85 ათასიდან 90 ათას ჰექტრამდე ტერიტორიაზე დაითესა, მაშინ როდესაც გასულ წელს ხორბალი მხოლოდ 43 ათას ჰექტარზე იყო დათესილი.
„წელს არის საშინელი გვალვა, როგორც დედოფლისწყაროში, ასევე მთლიანად კახეთში. ანალოგიური სიტუაციაა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და აზუსტებენ რა მდგომაროებაა, რადგანაც ზოგიერთ რაიონში შედარებით კარგი ვითარებაა, ზოგან კი საკმაოდ სავალალო მდგომაროებაა. ზოგიერთ ადგილზე ხორბლის ასაღებად კომბაინიც კი არ შეიყვანეს, იმდენად რთული ვითარება იყო.
ვფიქრობდი, რომ წელს ხორბლის მოსავალი დამუშავებული მიწებიდან გამომდინარე, გაიზრდებოდა. ერთ ჰექტარზე ვანგაროშობდი, რომ 1,5-2 ტონა მოსავალს ავიღებდით, მაგრამ სამწუხაროდ პროგნოზებმა გვალვის გამო არ გაამართლა"- განაცხადა ომარ კაჭარავამ.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის აღების პროცესი ქვეყანაში ახალი დაწყებულია და ზუსტი რაოდენობა, თუ რა მოცულობის ხორბალი იწარმოა ადგილობრივ ბაზარზე, რამდენიმე კვირაში ოფიციალურად დაზუსტდება.