6 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შტატების გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც არასწორი ინტერპრეტაციით იყო გადმოცემული.
საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონში" კულტურის სამინისტროს შტატები განისაზღვრა 140 ერთეულით, რითაც სამინისტროს დღემდე არ უსარგებლია.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კუთვნილი საშტატო ერთეულების დამატება განპირობებულია უწყების განსაკუთრებულად დატვირთული სამუშაო რეჟიმით.
ამასთანავე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იქმნება ასოცირების სამმართველო, რომელიც იმუშავებს ხელშეკრულების ფარგლებში კულტურის სფეროში გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად.
არასწორად იყო მოცემული ინფორმაცია მინისტრის ექვსი თანაშემწის შესახებ. საკითხი ეხება მინისტრის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და აპარატის უფროსის თანაშემწეებად. კულტურის მინისტრს ჰყავს მხოლოდ ერთი თანაშემწე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის მინისტრს განსაზღვრული აქვს 5 მოადგილის პოზიცია, თუმცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2010 წლის დებულებით უწყება 4 მოადგილის კურატორობით ფუნქციონირებს.