რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსი საურინისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ "როსსელხოზნადზორის" 4-კაციანი დელეგაცია საქართველოს 22 ივნისს ეწვევა.
რუსი სპეციალისტები თავდაპირველად ჩავლენ კახეთში და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებენ საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს. აღნიშნული პროცედურა განხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე.
2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა. აღნიშნულმა პროდუქციამ საექსპორტო პარტიების ფორმირებამდე უნდა გაიაროს ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც დაადასტურებს, რომ ქართული პროდუქტი არ შეიცავს ფიტოსანიტარიულ რისკებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ნუ ეცდებიან ხილ-ბოსტნეულის თვითნებურად გატანას რუსეთის ფედერაციაში და საჭირო პროცედურების გასავლელად მიმართონ შესაბამის სამსახურებს.