აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, საქართველოს ერთიანობა ყველა მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს. განცხადება ამის შესახებ კლინტონმა რუსეთის პირველი არხის ეთერში გააკეთა.
ვლადიმერ პოზნერის გადაცემაში სტუმრობისას კლინტონმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ქვეყნის კონტლიქტურ რეგიონებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო კოსოვოსთან და მათი შედარება დაუშვებელია.
"საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდა, მათ შორის დაპირისპირება უკანასკნელ პერიოდამდე არ ყოფილა. ჩვენი აზრით, ამ ჯგუფებს ერთად ცხოვრება უნდა გაეგრძელებინათ. გვესმის, რომ რუსეთის პოზიცია ჩვენი პოზიციისგან განსხვავდება. ჩვენი აზრით, საქართველოს ერთიანობა ყველა მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა პოზნერთან საუბრისას.