‘'ეროვნული ფორუმის'' თავმჯდომარის კახაბერ შარტავას განცხადებით, საუბარი ყველასთან ნებისმიერთან საუბარს არ ნიშნავს. ამის შესახებ შარტავამ დღეს ‘'ლეიბორისტული პარტიის'' ინიციატივით გამართული "დიდი ოპოზიციური შეკრების" კომენტირებისას განაცხადა.
‘'საუბარი ყველასთან ნებისმიერთან საუბარს არ ნიშნავს, განსაკუთრებით კი ისეთ სუბიექტებთან, რომლებიც ხალხისთვის დღემდე დამნაშავე ხელისუფლებას განასახიერებს, სწორედ მათ, ვის წინააღმდეგაც ბრძოლა 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება", - აღნიშნა შარტავამ
‘'ფორუმის'' ლიდერის შეფასებით, იმ დროს, როდესაც პარტიებს შორის განვითარებული მოვლენებისადმი შეხედულებებში, პოზიციებსა და დამოკიდებულებებში სერიოზული განსხვავებებია, ძნელია რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
‘'შეხვედრამდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონკრეტული გეგმა წინასწარ უნდა ყოფილიყო განხილული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ შეკრებას აზრი არ ჰქონდა. მსგავსი შეცდომები ოპოზიციას არაერთხელ მოუვიდა და ახლა იგივე აღარ უნდა განმეორდეს. ასევე, როცა საქმე სერიოზული საყოველთაო პროცესის დაწყებას ეხება, აუცილებელია, ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ პოზიციას გადახედონ, ვინაიდან ერთდროულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და დაუმორჩილებლობაზე ფიქრი აბდაუბდა აზროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს", - აცხადებს შარტავა.
"ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარის შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს თემის გამოყენება ხელისუფლების ლუსტრირებისთვის მომგებიანია, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.
"საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი შეკითხვას, ტოვებს თუ არა ხელისუფლება შანსს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის ცვლილება მოხდეს დემოკრატიული არჩევნების გზით, თუ საბოლოოდ ამბობს უარს სამართლიან საარჩევნო გარემოზე? მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის, ოღონდ ეს ქართული საზოგადოების მოთხოვნით უნდა მოხდეს და არა სხვა ძალების ინიციატივით, რადგან ხელისუფლების ცვლილება და მისი შემცვლელის დასმა გარედან არ უნდა მოხდეს", - აღნიშნავს შარტავა და დასძენს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება სახიფათოა, რომელთან თამაშიც არ შეიძლება.