საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების თაობაზე რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს საფრთხის შემცველს უწოდებს.
"რასაკვირველია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მოქალაქეობასთან დაკავშირებით საფრთხის შემცველია. მთავარი ძალა და პოზიცია, რაც გაგვაჩნია, ქართული პასპორტის საქართველოს მოქალაქეობის წონის მნიშვნელობისა და მიმზიდველობის ზრდაა. სწორედ, ეს არის პოზიცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც რუსულ ენას თავისუფლად ფლობენ.
ახალი კანონით, უცხოეთის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სპეციალურ კომისიაში უნდა გაიაროს გასაუბრება, რომელიც ადგენს, არის თუ არა უცხოელი რუსული ენის მცოდნე. ასეთ ადამიანად მიიჩნევა პირი, რომელიც ფლობს რუსულ ენას და ყოველდღიურად იყენებს მას ოჯახში და "კულტურულ სფეროში". გასაუბრების გავლა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც თვითონ ან რომელთა ნათესავები პირდაპირი ხაზით ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ან რუსეთის იმპერიაში და თანამედროვე რუსეთის საზღვრებში.
დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ასეთი ადამიანების კატეგორიამ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს.