თბილისში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს ანდრო ბარნოვი უხელმძღვანელებს.
"დღეს არის ბიბლიოთეკის წინასწარი გახსნა. ჯერ მთლიანად ყველაფერი არ დამთავრებულა. დღეს ვაჩვენებთ საზოგადოებას რას ვხსნით, რა გავაკეთეთ. უკვე ზეგიდან ვიმუშავებთ შეზღუდულ რეჟიმში - 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ხოლო ორ კვირაში მთლიანად გავიხსნებით. ბიბლიოთეკის კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ის ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ეხება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს, არქიტექტურას. გვაქვს ერთი კარგი თარო მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. აქ არის ისეთი წიგნები, რომელსაც სამწუხაროდ, სხვაგან ვერ ნახავთ, ვერც ბიბლიოთეკებში და ვერც კერძო კოლექციაში", - განაცხადა ბარნოვმა.
ბიბლოთეკის გახსნის ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაეწრო. ასევე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა შეერთებული შტატებიდან.
როგორც ფონდში - "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა" აცხადებენ, მათი მიზანია, ხელი შეუწყონ საქართველოში პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების განვითარებას, დემოკრატიული სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას და საზოგადოებრივ დისკუსიას დემოკრატიის და თანამედროვეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.