სამების საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა.
გარდამოხსნის რიტუალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად შეასრულა.
გარდამოხსნა, რომელზეც ჯვარცმიდან გარდამოხსნილი უფალია გამოსახული, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს.
გარდამოხსნისას წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ის ადგილები სადაც უფლის ჯვარცმის შესახებ არის საუბარი. ასევე შესრულდა ღვთისმშობლის დატირება, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზეა დაწერილი.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული 3 დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ 3 დღე იყო საფლავში.