საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, პიერ მორელთან, ანტი ტურუნენსა და ბოლატ ნურგალიევთან შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა და მის მიზანს 30 მარტისთვის დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ მე-10 რაუნდთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და გაცვალეს აზრები საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბების პერსპექტივებზე, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის პირობების შექმნის აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები საქართველოში 17 მარტს ჩამოვიდნენ. თბილისში შეხვედრის გამართვამდე სტუმრები ცხინვალსა და სოხუმში იმყოფებოდნენ, სადაც მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.