ეუთოში რუსეთის წარმომადგენელი ანვარ აზიმოვი აცხადებს, რომ საქართველომ სოხუმთან და ცხინვალთან წლების განმავლობაში დაკარგული ნდობის აღდგენა "გეგმებითა" და "სტრატეგიებით" კი არ უნდა დაიწყოს, არამედ "გასული შეცდომებისგან გაკვეთილი უნდა მიიღოს და რეგიონში არსებული ახალი პოლიტიკური რეალობები უნდა აღიაროს". ეს განცხადება დღეს აზიმოვმა გააკეთა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას, რომელმაც ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სპეციალურ სხდომაზე აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია წარადგინა.
"რაც უფრო მალე აღიარებს საქართველო ახალ პოლიტიკურ რეალობებს, მით უფრო მალე დამყარდება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, სტაბილურობა და ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობის ატმოსფერო", _ აცხადებს აზიმოვი და დასძენს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ქართულ, აფხაზურ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის წარმოებას.
"ამგვარი მოლაპარაკებების წარმოების საშუალება კი ამჟამად შექმნილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში", _ აცხადებს აზიმოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რომელსაც სრულად იზიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, საბოლოოა და იგი უკან გაწვევასა და შეცვლას არ ექვემდებარება.
მისი თქმით, ვერავითარი "სტრატეგიები" ვერ შეუშლის ხელს რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების განვითარებას.